მანანა მანჯგალაძემ აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პარაგრაფი წაიკითხა, რომლებიც რაბათის ციხის ცვლილებებს ითვალისწინებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია; მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება და მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფების გამოტანა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, გაკვირვებას იწვევს, ერთი მხრივ, დრო, როდესაც მთავრობა შემოდის მოლაპარაკების ამგვარი ინიციატივით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს შეთანხმების ტექსტიც, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ვიზიტამდე არ არსებობს პროცესის დაჩქარების აუცილებლობა.
რაც შეეხება თავად რაბათის ციხის რაიმე ფორმით შეცვლას, პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტს ეს დაუშვებლად მიაჩნია. „ქრისტიანული სიმბოლოების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება, როგორც ეს დოკუმენტშია აღნიშნული, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.