სამართალი
ვანო მერაბიშვილი: „მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას ახმოვანებენ“

1-vanichkaსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და მათ იდიოტური უწოდა. მერაბიშვილის თქმით, სახალხო დამცველი პატრუშევის ბრალდებებს იმეორებს საქართველოს მიმართ.

„დღეს მე ვნახე ორიგინალური მეთოდი ბრალის წაყენების. ახლა უკვე ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. ეს ძალიან ორიგინალური გზაა ბრალდების. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა, საქართველოს შეუქმნას იმიჯი ტერორისტული ორგანიზაციის და ტერორისტული სახელმწიფოსი. საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი. ახლა უნდათ, რომ მან შეიქმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს გააკეთა პატრუშევმა, და არაერთგზის. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ არქივებში, რომ ასეთ განცხადებას აკეთებდა პატრუშევი. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მე მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც ახმოვანებენ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის აგვისტოში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესასწავლად  სპეციალური საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას. ანგარიშის თანახმად, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.