მე-12 ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა კობა ცინდელიანმა გენერალ დანფორდს ქართული დანაყოფების ოპერაციის რაიონში არსებული სიტუაცია აუხსნა და 6 თვის განმავლობაში მიღწეული შედეგებიც გააცნო. ქართული ბატალიონის მეთაურის თქმით, ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად კვლავ შესაძლებელი გახდა კოალიციური ძალების კონტროლის აღდგენა იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო პერიოდში ამბოხებულები დომინირებდნენ.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ მე-12 ბატალიონი საკმაოდ კარგად ართმევს თავს აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან და ადგილობრივ ძალებთან ურთიერთობას. „ქართული დანაყოფების კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში განსაკუთრებულია. პირადად მე ქართველებთან სამსახურმა პირველად ჯერ კიდევ 1996 წელს მომიწია, როცა ჩრდილოეთ კაროლინაში სამხედრო ბაზაზე ბატალიონს ვმეთაურობდი. ჩვენი პარტნიორობა 20 წელიწადზე მეტია გრძელდება. ქართველი სამხედროების ღვაწლი “სამხრეთ-დასავლეთის“ რეგიონული სარდლობის მიმართ ნამდვილად დასაფასებელია. ქართველი სამხედროები მამაცები და საქმეში კომპეტენტურები არიან, ისინი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ამ თვისებების გამო აშშ-ს საზღვაო ქვეითებს გვეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმსახუროთ ქართველთა გვერდით“, – განაცხადა გენერალმა დანფორდმა.
მე-12 ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ნატოს ეგიდით ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მისიას ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდნენ.