სამართალი
ნანუაშვილი: “ლაფანყურის ოპერაციის ფაქტები საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს“

1-lafanyuriiსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2012 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება ლაფანყურის ოპერაციის დეტალებზე გაამახვილა. ნანუაშვილის თქმით, მან შეისწავლა ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ კონფიდენციალური წყაროებიდან და სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის  სერიოზული ნიშნები.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით  მიმართა, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ზემოხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით.

ამასთან, ნანუაშვილის თქმით, ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში  სერიოზული დარღვევები იკვეთება ორი ქართველის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც, რომლებიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ინსტრუქტორები იყვნენ.

„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ლაფანყურის ოპერაციის ფაქტების შესწავლის მიზნით“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.