საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახდა, ამასთან, ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის, რამაც მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა.„წელს სახელმწიფო 17 მიმართულებაზე ჩარიცხული აბიტურიენტების სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს. საუნივერსიტეტო პროგრამული დაფინანსება შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის მიმართულებებზე გავრცელდება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
2013 წლიდან 30%-იანი გრანტი გაუქმდება და ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად გადავა 50%-იანი გრანტისთვის გამოყოფილ რეზერვში. ასევე მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც ჩარიცხვა მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში შეიძლებოდა. ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და 50% და 70 %-იანი დაფინანსების მოპოვებაც შესაძლებელი იქნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, 27 ივნისს დაიწყება და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.