აქტუალური
“გთხოვთ, გემუდარებით.“ (ბერეზოვსკის უკანასკნელი წერილი - პუტინს)

1-akt2-berezსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ იმ წერილის სრულ ტექსტს, რომელიც 67 წლის ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომელმაც ფული, პარტნიორები და ცოლები დაკარგა და რუსულ მართლმსაჯულებას დიდ ბრიტანეთში ემალებოდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს გაუგზავნა სიკვდილამდე ორი თვით ადრე, რომელიც 2013 წლის 23 მარტს მის ციხესიმაგრეში, ბერკშირის საგრაფოს ქალაქ ესკოტში თავის ჩამოხრჩობით შედეგად დადგა, ანდა ეს იყო მკვლელობა ფულის გამო... მაგრამ უფრო - იმ საიდუმლოებათა გამო, რომლებიც განსვენებულმა იცოდა და რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეზიარებინა პუტინისთვის.

“ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

ბატონო პრეზიდენტო!

მე და თქვენ, ორივემ ვიცით სიტყვის ფასი, ხსოვნის ფასი, განსაკუთრებით, თუ ეს პოლიტიკას ეხება.

მე მზად ვარ, ღიად ვაღიარო საკუთარი შეცდომები, მეტიც, მე მათ ახლა ვაღიარებ, ამ წერილში. ბევრ რამეს იქიდან, რასაც მე ვაკეთებდი, გამართლება არა აქვს და მკაცრ დაგმობას იმსახურებს.

მაგრამ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! მე უკვე 68 წლის გავხდი, მოხუცი ვარ. 12 წელი გავატარე დევნილობაში. ნუთუ ჩემმა ჭაღარამ, სამშობლოსაგან იძულებითმა მოწყვეტამ ჩემი დანაშაული არ გამოისყიდა?

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გულახდილად გეტყვით და გთხოვთ, დამიჯეროთ. რუსეთი პირველივე დღიდან მენატრებოდა, და უცხო მიწაზე გატარებულ ყოველ დღესთან ერთად ჩემი მონატრება ძლიერდებოდა. დიახ, მე ებრაელი ვარ, მაგრამ რუსეთში დაბადებული. მე რუსი ვარ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ. მოხარულიც კი ვიქნებოდი, ვინმე სხვა რომ ვყოფილიყავი - მაშინ ასეთ ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ მე რუსი ვარ. რუსეთისგან მოწყვეტა მკლავს.

გთხოვთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მაპატიოთ ის შეცდომები და სიტყვები, რომლებიც ბრაზისაგან დაბრმავებულმა ჩავიდინე. ღმერთია მოწმე, დღეს ყველაფერი გავაცნობიერე და არასოდეს - არასოდეს - ასე აღარ მოვიქცეოდი.

ძალიან მინდა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნება. მინდა ჩემს მიწაზე მოვკვდე. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, დამიჯერეთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ.

მე, როგორც მარადი ურია, დედამიწაზე ხეტიალისგან დავიღალე.

ნება მომეცით, დავბრუნდე, ბატონო პრეზიდენტო.

გთხოვთ.

გევედრებით.

თქვენდამი გულწრფელი პატივისცემით,

ბორის ბერეზოვსკი