პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს“

1-refer-pol1საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს მიულოცა.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით მან სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც „საქინფორმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჩაუყარა საფუძველი. რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლეთა 90%-მა მიიღო, რომლის 88%-მა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.

1refer-poli2

31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია.

მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო.

ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მტკიცედ იცავს, მჯერა, ამ არჩევანს არასდროს გადაუხვევს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

1-ref-pol22 1-ref-pol-23