ჟურნალისტის კითხვაზე – ბოლო ხანებში ჰქონდა თუ არა მის ოჯახს ბერეზოვსკისთან ურთიერთობა, ლიანამ მიუგო, რომ ამ ბოლო დროს ეს მხოლოდ იურისტების მეშვეობით ხდებოდა. „ბოლო წლებში ბრეზოვსკისთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი იურისტების მეშვეობით ხორციელდებოდა. წელიწად-ნახევრის წინ ბერეზოვსკი აბრამოვიჩსა და მას შორის სასამართლო დავისას ვნახეთ. ბორის აბრამოვიჩი იქ არ გვესალმებოდა, სასამართლოს გარეთ კი ურთიერთობა არ გვქონდა. ბოლოს იგი შარშან, შემოდგომით, ლონდონში მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელმოწერისას ვნახე, როცა ჩვენი ოჯახის ბიზნესის საქმეები წყდებოდა“.
ლიანა პატარკაციშვილის თქმით, ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, ბერეზოვსკიმ უკან წაიღო ყველა პრეტენზია მისი ოჯახის კუთვნილ აქტივებზე. მან, ასევე, განმარტა პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის ეკონომიკური განქორწინების მიზეზები.
„ბორის აბრამოვიჩის პოლიტიკური აქტივობა მამაჩემს ბიზნესით მშვიდად დაკავების საშუალებას აძლევდა. მამა ხშირად ლაპარაკობდა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე და წუხდა, რომ რუსეთში დაბრუნება არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, ბადრის კონტროლქვეშ აქტივების გადაცემის შემდეგაც მეგობრებად რჩებოდნენ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბორის აბრამოვიჩმა საქართველოში ბადრის საფლავი ორი წლის წინ მოინახულა“.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა კომენტარს გაუკეთებდა იგი პატარკაციშვილისა და მისი მემკვიდრეების მისამართით ტელეკომპანია „როსია-1“-ის სტუდიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ისინი შესაძლოა, ბერეზოვსკის მკვლელობის შემკვეთთა რიცხვში ყოფილიყვნენ, პატარკაციშვილის მემკვიდრემ უპასუხა, რომ ეს განცხადებები უტყუარობის ხარისხით ყოველგვარ საღ აზრს სცილდება.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ 4-წლიანი დავის შემდეგ ბერეზოვსკიმ და ჩვენმა ოჯახმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია. ეს შეთანხმება ოფიციალურადაც არის გაფორმებული ორივე მხრიდან ინგლისელი იურისტების მონაწილეობით და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც ბორის აბრამოვიჩის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ“, – განაცხადა ლიანა პატარკაციშვილმა.