სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
საია კიდევ ერთხელ ეხმაურება ბათუმში მომხდარ ინციდენტს და შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო მასალა.
„არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოახდენს მისივე დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი მასალის სათანადო წესით მოპოვებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მტკიცებულების განადგურება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა არის ტესტი, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა მიდგომა აქვს შსს-ის საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საია შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.