სამართალი
„ყაზტრანსგაზმა“ ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დააჯარიმა

1-RaWava-samar2საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში  კომერციულ სექტორში ექვსი არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი გამოავლინა, რომლებიც გაზგამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივ აირს მრიცხველის გვერდის ავლით მოიხმარდნენ, რითაც კომპანიას 32 125 ლარის ზარალი მიაყენეს.

არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა შორის ლაურა ღაჭავას კომპანია „პროფით დევიზიც“ აღმოჩნდა, რის გამოც იგი „ყაზტრანსგაზმა“ დააჯარიმა. თუმცა, თავად ბიზნესმენის განცხადებით, აღნიშნული კომპანია ელექტროენერგიას მოიხმარს და გაზი საერთოდ არ მიეწოდება. მისივე თქმით, ხაზი კომპანიის წინ, სხვის მიწაზე გადიოდა, იქ დანაკარგი აღმოაჩინეს, რაც „პროფით დევიზს“ მიაწერეს.

ლაურა ღაჭავამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს კომისიას, რომელიც, მისივე თქმით, შეამოწმებს, რომ იგი გაზით საერთოდ არ სარგებლობს.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით კი, სამინისტროს მოთხოვნაა, რომ ასეთი ფაქტები დაფიქსირებული იყოს. „ჩვენ მივმართავთ ენერგოკომპანიებს, რომ ეს უკანონო დატაცებები მაქსიმალურად იყოს შემცირებული. პირველ რიგში, ეს ურტყამს კომპანიას, რაც ძალიან ცუდია და, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს აისახება მოსახლეობაზეც და ტარიფზეც“, – აღნიშნა კალაძემ.