საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა და დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა გია ხუხაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან წარმოადგინა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამიოდ თვეში რუსეთში გაგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც გახლავთ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
როგორც ხუხაშვილი ამბობს, წერილის შინაარსი ამაზრზენი და სამარცხვინოა იმ ფონზე, როცა ქართველი ჯარისკაცების გვამები გაციებულიც კი არ იყო. საქართველოს კულტურის მაშინდელი მინისტრი ვაშაძე ლამის მუხლებში უვარდებოდა რუსეთს და „თქვენი მუხლების ჭირიმეს“ ტონით ითხოვდა რუსეთში გასტროლს, მათ შორის, „ერისიონის“ მონაწილეობით.ყოფილ ხელისუფლებას სწორედ იმ განცხადებებს ახსენებენ, რომლებითაც მათ არაერთხელ გააკრიტიკეს გასულ კვირას მოსკოვში ჩატარებული კონცერტის გამო ანსამბლი „ერისიონი“ და თითქმის მოღალატედაც კი შერაცხეს. „ქართული საზოგადოება შოკიდან ჯერ არ არის გამოსული და ამ დროს მონური მორჩილებით, ყოვლად ამაზრზენი რიტორიკით რუსეთს სთავაზობს, რომ ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და კონცერტებს ჩვენ დავაფინანსებთ, – ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, – კულტურის მინისტრი, რომელიც შემდეგ ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და განსაზღვრავს მთელი ამ წლების განმავლობაში საგარეო პოლიტიკას, რა ტონით და რას სთავაზობს რუსეთის კულტურის მინისტრს, ანუ იგივე რუსეთის ხელისუფლებას?!. მისი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც გადაბარგდნენ საზოგადოებრივ სექტორში, ეს ადამიანები მორალს უკითხავდნენ „ერისიონს“ ამ დღეებში“...
რაც შეეხება თავად ვაშაძეს, სატელეფონო საუბარში მან დაადასტურა აღნიშნული წერილის არსებობა, განმარტა წერილის შინაარსი და ისაუბრა მის აუცილებლობაზე, მაგრამ სასტიკად დაგმო და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების წერილები არ უნდა ხვდებოდეს არასამთავრობოების ხელში. ვაშაძემ კულტურის სამინისტროს მუშაკები „კლინიკურ იდიოტებად“ მოიხსენია. „ამ თემაზე საუბრის უფლებას არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ არ მივცემ ჩემს თავს, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია... ეს წერილი უზარმაზარი აისბერგის წვერია. კულტურის სამინისტროდან რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამხანაგი ხუხაშვილი არცერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ მუშაობს. ეს კი არის სახელმწიფო მოხელის მიმოწერა, კონფიდენციალური დოკუმენტი და რა უფლებით გადასცეს, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, კონცერტების თაობაზე მიმოწერა არცერთ ქვეყანაში არ არის საიდუმლო. მისი თქმით, „სამწუხაროდ, საზოგადოება მრავალ ასეთ შოკისმომგვრელ წერილს იხილავს“.