საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ყველა მიმართულება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორი გზით ვითარდება, მხოლოდ ინვესტიციების მოცულობისა და ტემპების გაზრდაა საჭირო.
საქართველოს ახალი ხელისუფლება ახალი ენთუზიაზმით შეუდგა ნაცად მეგობართან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. სტუმარმა აღნიშნა, რომ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჯეიჰანის, ყარსისა და ერზრუმის პროექტები. მისი განცხადებით, დღეს გაიმართება სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის, სადაც ეს საკითხები კიდევ უფრო დეტალურად განიხილება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის საკითხსაც და ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის მოქალაქეების უფლებას, მათ თავისუფლებებს, მათ შორის, რელიგიურ უფლებებს და თავისუფლებებს, ცნობილია რომ პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ორი ძეგლის აღდგენის სამუშაოების დაწყებაზე, ასევე ბათუმში მეჩეთის აღდგენის თაობაზე.