საზოგადოება
ნარმანია: „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს“

1narmania-sazzoo1საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. მან პრეზიდენტს ცრუ განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ორ სიცრუეზე გააკეთა აქცენტი – „ქვიშის პროექტსა“ და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის ჩაკეტილ გზასთან დაკავშირებით. ნარმანიას თქმით, გუშინ, ბათუმში სტუმრობისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები „მის ჯინაზე“ შევაჩერეთ, რაც აბსოლუტური სიცრუეა. მინისტრის განმარტებით, პრეზიდენტის  პირადი ინიციატივით საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბათუმში დაგეგმილი იყო ოქროსქვიშიანი სანაპირო ზოლისა (პლაჟის) და ნაპირდაცვის გაკეთება. პროექტის ჯამური ოდენობა 200 მილიონ ლარს აღემატებოდა.  სამინისტრომ კი, პროექტის მოდიფიცირება მოახდინა, რომლის შესაბამისად, ოქროს ქვიშების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ჭოროხის ქვიშახრეშოვანი ადგილობრივი მასალა. პროექტის მოდიფიცირების შედეგად დაიზოგება 80 მილიონი ლარი, რაც გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გზასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ექმნება, ნარმანიამ განმარტა, რომ ეს განცხადებაც სააკაშვილის მორიგი სიცრუეა. მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც ის საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს.

ამასთან, დავით ნარმანიას გული სწყდება პრეზიდენტის იმ გამონათქვამზეც, რომ მინისტრები კაბინეტებში სხედან და ხალხში არ გამოდიან: „ძალიან დამწყდა გული, როდესაც შაბათ-კვირის ჩათვლით, ყოველდღიურად მოსახლეობას ვხვდები, იმისათვის, რომ გავეცნო მათ პრობლემებს, პრეზიდენტი კი  გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ კაბინეტებში ვსხედვართ“.