აქტუალური
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები გაიმართება

1manana-aqtuaa4საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. დღეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები „საერთო სასამართლოების შესახებ“  კანონპროექტზე კონსულტაციებს გამართავენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძის განცხადებით, კონსულტაციებში უმრავლესობის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილია, უმცირესობის – დავით ბაქრაძე.

კობახიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსულტაციებში უმცირესობის მხრიდან ჩაერთვება თუ არა, თუმცა, იგი აცხადებს, რომ  პრეზიდენტს შეუძლია, გამოჰყვეს დავით ბაქრაძეს.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებებში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნის მითითებები: „რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. ამ შემთხვევაში, მაქსიმალური კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული... დათმობაზე არ არის საუბარი – რაც უფრო მეტად დემოკრატიული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექტაციის წესი და რაც მეტად იქნებიან მხარეები ჩართული, ზოგადად, აღიარებულია, რომ ეს სწორად ჩაითვლება და უფრო მეტი უზრუნველყოფის შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ კონკრეტულ მხარეებზე არ იყოს სასამართლო დამოკიდებული და სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად იყოს დამოუკიდებელი“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ სახელით შუალედურ არჩევნებში მონაწილე სავარაუდო კანდიდატები დაასახელა. თბილისში, ნაძალადევის რაიონში ,მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრის თამარ კორძაია, სამტრედიაში – გიორგი კახიანი, ხოლო ბაღდათში – პაატა კიკნაველიძე. კობახიძის განცხადებით, სამივე მათგანი პროფესიით იურისტი და სუფთა წარსულის მქონე ადამიანია.

შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.