აქტუალური
მერაბიშვილის ნათესავების სია, რომლებიც დღემდე თანამდებობებზე რჩებიან

1akt-naTesavebსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. გაზეთი „ალია“ აქვეყნებს ვანო მერაბიშვილის იმ ნათესავების სიას, რომლებიც დღემდე თანამდებობებზე რჩებიან, აი, ისინიც:

ჟენია თუმანიშვილი – ივანე მერაბიშვილის დედა, ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლის დირექტორი;

ქალბატონი ჟენიას ერთი ძმის – არტემის, ვაჟი თემურ თუმანიშვილი ადიგენის კომისარია, მეორე ძმის – ლევანის, შვილი სტეფანე წლების განმავლობაში გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო. უმცროსი არტემ თუმანიშვილი სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო.

არტემ თუმანიშვილის ერთ-ერთი ნათესავი ედიშერ მღებრიშვილი კი დღემდე დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსია.

სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა გელაშვილი, მერაბიშვილის ახლო ნათესავის, ნათია მერაბიშვილის ქმარი და მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელის, უახლოესი მეგობარია.

გოჩა გელაშვილი ადრე მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილში, უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

გოჩა გელაშვილის ძმა პეტრე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დღესაც მუშაობს. ვანოს ბიძაშვილი გიორგი მერაბიშვილი სისტემაში დაინიშნა „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ბოლოს იყო ადიგენის პოლიციის უფროსის მოადგილე.

ვანოს მეორე ბიძაშვილი დავით მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის” წყალობით ჯერ ადიგენის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ სამცხე-ჯავახეთის შემოსავლების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ბოლოს – სამმართველოს უფროსი.

ვანოს კიდევ ერთი ბიძაშვილი მალხაზ მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამეურნეო განყოფილების უფროსად, სადაც „ვარდოსნების” ბოლო ამოსუნთქვამდე მუშაობდა.

ვანოს დეიდაშვილი არსენ ბალახაშვილი სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციაში დაინიშნა ვანოს მინისტრობის დროს, სადაც დღემდე მუშაობს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.

ვანო მერაბიშვილის მეორე დეიდაშვილი მამუკა თუმანიშვილიც „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა „პალიცმაისტერი”, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსად, შემდეგ შიდა ქართლის სამმართველოში გადაიყვანეს, ამჟამად კი მუშაობს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.

ვანო მერაბიშვილის სეხნია და ბიძაშვილი, ივანე მერაბიშვილი, მუშაობს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში, ვალეს გამშვებ პუნქტზე სასაზღვრო პატრულში ცვლის უფროსად.

სეხნია ივანეს ბიძა, ვაჟა ობოლაშვილი, სასაზღვრო პატრულის მეორე სამმართველოს კადრების განყოფილებაში მუშაობს. ვანოს ნათლული მალხაზ ცუხიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, შემდეგ – ფინანსურ პოლიციაში, ამჟამად მუშაობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.

ვანო მერაბიშვილის ნათელმირონი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი საოლქო პროკურორი დავით ნარიმანაშვილი გურჯაანის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.

ვანოს ბიძის, არტემის, ბიძაშვილი დავით მაისურაძე „ვარდების რევოლუციის” შემდეგ დანიშნეს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

ვანოს ცოლის, თაკო სალაყაიას, ბიძაც (დედის ძმა) „ვარდების რევოლუციის” შემდეგ „აყვავდა”, ჯერ შემოსავლების სამსახურში დანიშნეს, შემდეგ შემოსავლების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს, ბოლოს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

არტემ ბიძიას ნათესავის ცოლი, ინგა პაპიძე, სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს ოპერმუშაკია. ვანოს ნათესავია გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ახალციხის ფილიალის უფროსი.

ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილის, შორენა მერაბიშვილის, ქმარი ზაალ ტაბატაძეც „ვარდების რევოლუციას” მოჰყვა „მზითვად”, ბევრგან იმუშავა თუ ამუშავეს და ახლა ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (დაბა წყნეთი) უფროსის მოადგილეა.

ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ბიძაშვილი, ვასილ მერაბიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორია.

ვანოს სიძე, ბიძაშვილის ქმარი, იოსებ გიქოშვილი, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორია.

ვანოს კიდევ ერთი ნათესავი, ამირან აფრამაშვილი, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორია, ხოლო ვანოს ბიძაშვილის, დათო მერაბიშვილის, სიმამრი გელა სარიშვილი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

დარეჯან მეფარიშვილი,

გაზეთი „ალია“