საზოგადოება
სერჟანტთა მომზადების სკოლა 10 წლისაა

1serjant-sazoo1საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. სერჟანტთა მომზადების სკოლას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა.

„ჩვენთვის სერჟანტების სკოლა, ინსტიტუტი არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ღირსეული, საფრთხეების დამარცხებაზე მომზადებული შეიარაღებული ძალები. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ერთ-ერთ ძლიერ პარტნიორ ქვეყანას – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომ თავიდანვე ასეთი დიდი მხარდაჭერა, დიდი დახმარება და გვერდში დგომა აღმოუჩინა ჩვენს სერჟანტთა სკოლას“, – განაცხადა მინისტრმა სერჟანტთა მომზადების სკოლაში სტუმრობისას.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამინისტრო სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად ამზადებს ინფრასტრუქტურულ თუ სხვა ცვლილელებს, რათა ამ სკოლის მიერ მომზადებულმა სერჟანტებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ ქართულ არმიას და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმსახურონ ღირსეულად. „ეს არის ჩემი ამოცანა, როგორც მინისტრის, და ეს არის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისა და მთელი ჩვენი გუნდის ამოცანა“, – განაცხადა ალასანიამ.