აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
1likvid-aqtu4საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სალიკვიდაციო სამუშაო ჯგუფში ჩაერთო. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ თავდაცვის უწყებაში მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან დოლიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ჯგუფის მიზანი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო და აღმოფხვრითი სამუშაოებია. ადლიასა და ურეხში დისლოცირებული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ბათუმში მიმდინარე შესაბამის სამუშაოებში უკვე აქტიურად მონაწილეობენ. სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თავდაცვის სამინისტროში სრული მზადყოფნაა გამოცხადებული როგორც პირადი შემადგენლობის, ისე საინჟინრო ტექნიკის კუთხით. ზარალის აღმოფხვრის სამუშაოებში ჩასართავად მზადაა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიც, რათა საჭიროების შემთხვევაში რეზერვის დროული მობილიზება მოხდეს. სამუშაო ჯგუფს ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ხელმძღვანელობს. სამინისტროებს შორის აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაცია ხორციელდება. როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო საგანგებოდ შექმნილ ჯგუფს მუდმივად აწვდის ინფორმაციას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანური რესურსის, საინჟინრო ტექნიკისა და სხვა დამატებითი საშუალებების შესახებ. „პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული შტაბის ყველა ქვედანაყოფი მზადაა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამ ეტაპზე ქართველი სამხედროები ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში მხოლოდ ბათუმში არიან აქტიურად ჩართული. დოლიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მოკლე ვადაში მოხდება პირადი შემადგენლობის მობილიზება და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე ზარალის აღმოფხვრით სამუშაოებში ჩართვა.