პოლიტიკა
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მივიღებთ მომავალ კვირაში მაშინ, როდესაც მზად იქნება სათანადო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის არჩევის ნაწილში საპარლამენტო პროცედურებია განსასაზღვრი და იმისთვის, რომ სურათი იყოს ნათელი, ჯობს, ეს დოკუმენტიც მომზადდეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თემაზეც გვექნება დამატებითი კონსულტაციები, რომ ეს კანონპროექტი, ერთი მხრივ, მივიღოთ რაც შეიძლება სწრაფად და, ამავე დროს, მივიღოთ ძალიან ხარისხიანი და ფართო კონსენსუსის მქონე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ თავად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტს მხარს უჭერენ, მაგრამ ჩვენ ვართ მზად, ოპონენტების მოსაზრებები კიდევ ერთხელ მოვისმინოთ და შევთანხმდით, რომ ამ დღეების განმავლობაში ინტენსიური მუშაობა გვექნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.