საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს მიმართავს

1margvelaS-sazzooo3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს წერილით მიმართავს და აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აცნობს. მინისტრი წერილში მეცნიერებს მადლობას უხდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აგრუნთან დაკავშირებით აღნიშნავს: ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, აგრარულ უნივერსიტეტში აღმოაჩინა დარღვევები, რომელთა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი იყო. შესაბამისად, მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს მოქალაქე ვალდებული ვარ, ვემორჩილებოდე საქართველოს კანონს და ვმოქმედებდე მხოლოდ მის ფარგლებში. აგრეთვე, კახა ბენდუქიძე, როგორც საქართველოს მოქალაქე და აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვალდებულია, ემორჩილებოდეს საქართველოს კანონს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აღსანიშნავია, რომ ბენდუქიძემ აღიარა ხარვეზების არსებობა და მოიყვანა უნივერსიტეტის დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში და ხელახალი ავტორიზაციისთვის განაცხადი წარადგინა.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, აგრეთვე, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის უფრო პოლიტიზება ბენდუქიძისა და ნაციონალური მოძრაობისსხვა წევრების მხრიდან, რისი მცდელობაც თავიდანვე იყო, მივმართე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი.

მარგველაშვილი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს განუმარტავს, რომ აგრუნის ავტორიზაციის გაუქმებას არ გამოუწვევია სწავლის პროცესის შეფერხება, რადგან გადაწყვეტილება ძალაში საგაზაფხულო სემესტრის დასრულების შემდეგ შედის.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ხვალ, 26 მარტს, დანიშნულია ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც აგრუნის ავტორიზაციის საკითხი განიხილება.