ბენდუქიძე: „გიორგი, შედი „ბუტკაში“!
საქართველო, 25 მარტი,
საქინფორმი. ბიზნესმენ
კახა ბენდუქიძის განცხადებით, რომელიც მან
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება 100%-ით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც იმით განმარტა, რომ 2012 წელს აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მიერ ჩატარებულ დიდ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ამერიკის მთავრობის შესაბამისმა სააგენტომ ამჯობინა, ისინი გამარჯვებულებად არჩევნების შემდგომ გამოეცხადებინა. ახალმა მთავრობამ კი პროგრამის დაწუნების მოტივით ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა. ახალი პროგრამით, ტენდერში საქართველოს მხრიდან კერძო უნივერსიტეტებს მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.
მისივე თქმით, მარგველაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან ხელმოკლე სტუდენტები გარიცხეს. „ვიღაცებმა პარლამენტში თქვეს, ბენდუქიძე ღარიბებს ებრძვისო. ასეთი განცხადებები მე მორალურად შეურაცხმყოფს. არავის შევარჩენ ამ შეურაცხყოფას. რაც ავტორიზაციისთვის მოგვთხოვეს, ყველა სულელური მოთხოვნაც კი შევასრულეთ“, – განმარტა კახა ბენდუქიძემ და იქვე დასძინა, რომ არ შეიძლება ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ვიღაცის ჯიბრზე დახუროს უნივერსიტეტი. „წინა ხელისუფლება ასეთ რამეებს არ აკეთებდა, თორემ ჯიპას უთუოდ შეექმნებოდა პრობლემები. თუ ჯიპას ეკუთვნის ავტორიზაცია, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველას, „ბუტკასაც“ კი. გიორგი, შედი „ბუტკაში“! გვედავებიან, შტატში არ გყავდათ პროფესორებიო და ჯიპას საიტზე პროფესორების ჩამონათვალში უწერია ხალხი, ვინც წლებია, იქ აღარ მუშაობს. მათგან 4 ჩვენი თანამშრომელია და ჯიპაში არ მუშაობენ უკვე მრავალი წელია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.