საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. შტაბს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.
ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლის სახურავი, ქობულეთში ჩამოინგრა 40-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა, ოზურგეთში დაზიანდა 90 სახლის, 4 სკოლისა და 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ურეკში პრობლემები შეექმნა ნაპირდაცვით ნაგებობებს. გორში ქარმა 20-ზე მეტ მრავალსართულიან სახლს გადახადა სახურავი, თბილისში კი 60-ზე მეტი სახლის სახურავი დაზიანდა.
შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
კახი კალაძე დღის ბოლომდე ყველა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ვარაუდობს.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გორში ბიძინა ივანიშვილი და ნოდარ ხადური შეხვდნენ.
ზარალის ანაზღაურების მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტებში ცვლილებები შევა. ადგილობრივი სახსრების უკმარისობის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებაში ცენტრალური ბიუჯეტი ჩაერთვება.