პრეზიდენტი იტყუება?! ვინ რისი დროშა დაამტვრია სინამდვილეში…
საქართველო, 25 მარტი,
საქინფორმი. როგორც
palitratv.ge იუწყება, ტელეკომპანია „იმედის“ „ღია ეთერში“ ჟურნალისტ
ვახო სანაიასთან ინტერვიუში
მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო სიმბოლიკებზე საუბრისას აქცენტი გააკეთა ერთ ვიდეოზე, რომელიც პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე, ა.წ. 21 მარტს გავრცელდა სახელწოდებით
„ესეც სამართლიანობის აღდგენაა?!“ რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, როგორ ამტვრევს ერთ-ერთი მოქალაქე დროშებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 2012 წლის 10 ივლისს გადაიღო, როდესაც გორის რაიონის სოფელ ძევერაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს მართავდნენ. ჟურნალისტი შეხვედრაზე მისულ ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს სოფლის პრობლემებზე ესაუბრებოდა. ქალბატონს, რომელიც მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად იყო შეხვედრაზე, სოფელში ჩასულმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს დროშები აჩუქეს. სწორედ ეს დროშები უჭირავს ქალს კადრებში. საუბრის დროს ქალბატონის ოჯახის წევრმა ჩამოიარა და უთხრა: „წამოდი, რა დროშებს აფრიალებ!“ ამის შემდეგ ბავშვს ორივე დროშა გამოართვა და დაამტვრია.