აქტუალური
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს, ანუ დღეში, დაახლოებით, ორ ლარს მოიხმარს!
გაეროს ბავშვთა ფონდში აღნიშნავენ, რომ სისტემის კიდევ ერთი ხარვეზი დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის არსებითი მომსახურებების ფრაგმენტაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება სამშობიარო კლინიკიდან გაწერილი ახალშობილის დროული მიმართვა ამბულატორიაში და შესაბამისი მომსახურებების მიმწოდებლები პასუხისმგებლობას არ იღებენ, გააკონტროლონ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ამასთან, ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს ბავშვის მოვლის სათანადო პრაქტიკის, მათ შორის, სრულფასოვანი კვების შესახებ. აუცილებელია დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა ბავშვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება სწორი კვების შესახებ, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, ორსულებისა და ახალგაზრდა დედების დახმარება, მათი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით უზრუნველყოფა. აღნიშნული ინტერვენციები 25 პროცენტით შეამცირებს 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტთან დაკავშირებულ 1,3 მილიარდი აშშ დოლარის დანახარჯს საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამავე პერიოდის განმავლობაში თითქმის 1000 ბავშვს შეუნარჩუნდება სიცოცხლე.