სამართალი
ნულოვანი ტოლერანტობიდან – ლიბერალიზაციისაკენ

1nulovani-samarT3საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკიდან უფრო ჰუმანურ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, ამ თემაზე იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმისა“  და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში – ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალიზაციამდე აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, ადვოკატები და ექსპერტები. პროექტის მიზანია  სისხლის სამართლის კანონმდებლობის, პატიმრობის კოდექსსა და პრობაციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც კანონი მეტად ჰუმანური გახდება.

ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს თაროზე შემოდებული ცვლილებათა პაკეტი ახლა განიხილება და დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს დაამტკიცებენ.

„ციხის საერთაშორისო რეფორმამ გადაწყვიტა, რომ ჩაატაროს ეს ღონისძიება, და ვიმსჯელოთ იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც წარმოდგენილია ცვლილებები და რომლებზეც არ არის წარმოდგენილი, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საკითხი რჩება, სადაც შესატანია გარკვეული სახის ცვლილებები, დასახვეწია და გასაუმჯობესებელია“, – განაცხადა ადვოკატმა ნაზი ჯანეზაშვილმა.