საზოგადოდ, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვის უჩვენებს ზურგს, კარგადაა ცნობილი. ვთქვათ ასე: მიშას მეგობარი ჯონია, ვალოდიას ანგელა ურჩევნია და კიდევ “ინტიმური” დამოკიდებულება აქვს იტალიელ სილვიოსთან. შედეგად - საერთაშორისო მოედანზე დამატებითი ხვეულები, სტრესები და სოლიდური დონის დისჰარმონია მივიღეთ. ამასთან, ყველა ფიგურანტს ერთი სურვილი ამოძრავებს: მაგარი ბიჭების სახელი დაიმკვიდრონ; ვისაც მხოლოდ სულის უკეთილშობილესი მიზნები ამოძრავებს. ისინი ხომ საზოგადოებისთვის ირჯებიან და მხოლოდ იმისთვის ზრუნავენ, კაცობრიობის ეკონომიკური “ხვალე” “დღევანდელზე” უკეთესი რომ იყოს.
სტრინგერი ბატონი პუტინის წინააღმდეგ?
ახსოვთ ეს ჩვენთანაც, სამხრეთში. თანაც მსოფლიო ეკონომიკურ ურთულეს ვითარებაში, როცა უმრავლესობას ერთი სურს, ვაჟკაცი ჰუსარი და მისი კეთილმოსურნენი თითქოს კატეგორიულად ამის წინააღმდეგნი არიან.
მიხვდით, რაზეა ლაპარაკი?
რუსეთის მოსალოდნელ შესვლაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და საქართველოს პოზიციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს დიდი ხნის წინათ და უიმედოთ გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. თუმცა ხალხის მასები, მანიაკალურად იმეორებენ ზოგიერთები, საზოგადოებრივ-კულტურულ-ინტელექტუალური იდეალური თანამშრომლობის მაგალითად რჩება წარსულში. სხვანი კი, პირიქით 200-წლიან მონობაზე საუბრობენ, ეროვნული სულის წარყვნის გაკვეთილებზე და ა.შ.
რუსეთი ეპირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას-მეთქი, იქ, სადაც საქართველო დიდი ხნის მკვიდრია და უფლება აქვს, ვისი “ფეისიც” არ მოეწონება, უარი უთხრას მიღებაზე.
ახლახან, მასმედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრ კუდრინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა ყველა ის პრობლემა გადაწყვიტა, რომლებიც აბრკოლებდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას, რომ ეს პროცესი უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს. მაგრამ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ამ საკითხის თაობაზე ხმას არ იღებს. თუმცა რუსეთელთა მიმართ ოკეანისგაღმელი პრეზიდენტის კეთილგანწყობა სრულად გამოითქვა მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტის დროს. ისიც კი გაჟღერდა, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი შეაბიჯებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფართოდ გაღებულ კარში.
ბატონი კუდრინის აზრით, ქართული ფაქტორი საერთოდ არ არსებობს. ეტყობა, ესმის, რომ რუბიკონი პატრონმა, აშშ-მა, გადალახა და “ბანანის რესპუბლიკის” პოზიცია ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს.
ცუდად გცნობიათ, ბატონო, კუდრინ “ნაციონალები” და მათი მეთაური, რომელმაც უამრავ ხიფათს გადაჰყარა არა მარტო “უახლოესი მეგობრები”, არამედ “შორეული ნათესავები”.
მინისტრის სიტყვები ბეტონივით ჯერ არ გამყარებულიყო, როცა ქართულ მასმედიაში პრეზიდენტის პრესსპიკერის პირით გაცხადდა: საქართველო მხარს არ დაუჭერს რუსეთის ფედერაციის შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამ, სანამ რუსეთი თბილისის პირობებს არ შეასრულებს.
ეს, უპირველეს ყოვლისა. მეორე, ძველი მოთხოვნები ძალაში რჩება: ერთობლივი კონტროლის დაწესება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აფხაზეთში, მდინარე ფსოუზე, და როკის უღელტეხილთან სამხრეთ ოსეთში, ასევე, ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანა. და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა.
მოკლედ, ბატონი სააკაშვილის აზრით, მის ხელთაა სტინგერი, რომელიც მან დაუმიზნა “რუსული ეროვნების” ცნობილ სახეებს და შესთავაზა ერთი დაკვრით ყველა ქართული პრობლემის გადაჭრა. ჰოდა, რატომ არ დაუმატონ ყველაფერ ამას, ვთქვათ, კონტრიბუციის გადახდა ქართველებისთვის, როგორც ხუთდღიან ომში გამარჯვებული მხარისთვის?!
ეფექტური იქნება და მსოფლიოც გაჰკვირდება ურთიერთობებში ჩვენი სიმტკიცითა და თანმიმდევრობით!
ისე კი, შიდა მოხმარების საქონლისა და წარმავალი პიარის დონეზე რჩება ყველაფერი, რაც აფთიაქის დოზებით თუ მოქმედებს პირველი პირის ჰეროიზაციაზე - უმამაცეს, ბრძენსა და გულანთებულ პატრიოტზე.
თუ სერიოზულად შევხედავთ საკითხს, ეკონომიკური პარადოგმა ჩვენს დონეზე არ ჩანს - სხვა ხარისხის მოთამაშეებთან გვაქვს საქმე. პოლიტიკურს კი მივყევართ არსაით! რადგან საზოგადო აზრით, დინების წინააღმდეგ ცურვა საკმაოდ საშიშია. აბსურდულია, იმედი დავამყაროთ იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავის პოზიციას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის.
თანაც, ვიმეორებ, ეს ჩვენი თამაში არ არის.
რუსეთი კი იმდენს უთმობს მეტოქეებს თავის გეო და, უბრალოდ, პოლიტიკაში, ირანის ჩათვლით, რომ ამერიკელების პოლიტიკური პრეტენზიები თანდათან იწურება და ზემოქმედების იარაღად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღება-არმიღების საკითხიღა რჩება.
ამასთან დაკავშირებით, უპრიანია, რუსეთის პრემიერის მოსაზრება გავიხსენოთ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება მუდმივად შედიოდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ არავითარ წინმსწრებ ცალმხრივ მოვალეობას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავის თავზე არ აიღებს.
ასე რომ, ჩვენ, სცენარის მიხედვით გვევალება მხოლოდ ხმა შევუწყოთ “უფროს პატრონს”, რასაც პატიოსნად ვასრულებთ კიდეც. თუმცა საკუთრივ ჩვენი ეკონომიკური და სხვა საკითხები “ფრიადზე” ვერ ქაჩავს.
პროცენტები ვერ გაგვაძღებს
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ მიმდინარე წლის 8 თვეში 4051 მილიონი დოლარი შეადგინა, არაორგანიზებული ვაჭრობის ჩაუთვლელად. ყველა მონაცემით, 2010 წელს გაცილებით უკეთ და აქტიურად ვვაჭრობთ, ვიდრე შარშანდელ შესაბამის პერიოდში. ზრდა 17 პროცენტია.
გავაუმჯობესეთ ჩვენი, ტრადიციულად სუსტი ადგილი, ექსპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობის სავაჭრო მაჩვენებელმა 977 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით აღემატება შარშანდელს. იმპორტის მაჩვენებელიც 12 პროცენტით გაიზარდა და ფულად გამოსახულებაში 3074 მლნ დოლარი შეადგინა. აი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (2098 მლნ დოლარი) კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, 4 პროცენტზე ცოტა მეტს.
2010 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2008 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი - 9, იმპორტი - 28 პროცენტით!
არ გამოვრიცხოთ მსოფლიო კრიზისისა და ხუთდღიანი ომის ზეგავლენა, მაგრამ არც ჩვენი წამგებიანი ეკონომიკური სტრატეგიის უგულებელყოფა ეგების. არავითარ კომენტარს არ საჭიროებს ჩვენი ექსპორტის პირველი რაოდენობრივი მუხლი: ფეროშენადნობები - 131.058.400 დოლარი, საერთო მოცულობის თითქმის 16 პროცენტია. უარესია მანქანების ექსპორტი, მესამე - შავი ლითონის ჯართი კი დამაფიქრებელია.
ჯართი, დიდი ხანია, გააქვთ მეზობელ თურქეთში და იქიდან ჩვენ და ჩვენს მეზობლებს სხვადასხვა იარაღის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო იარაღის სახით გვიბრუნდება. ბუნებრივია, რომ მზა საქონლის მომგებიანობისა და ღირებულების შედარება გატანილ “ნედლეულთან” აბსურდია, რადგან წამგებიანია აშკარად. არადა, რუსთავში საბჭოთა კავშირის ინდუსტრიის გიგანტი მეტალურგიული კომბინატი სწორედ ნედლეულის შიმშილს განიცდის და ნელთბილად მუშაობს. კომბინატს გატანილი ლითონის ოდენობის ათჯერ მეტის ათვისება შეუძლია. მაგრამ სხვა “ბიზნეს-ინტერესების” ზეგავლენით სიტუაცია ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს.
პირველი: იკარგება რეალური ფული. მეორე: იზრდება დაუსაქმებელთა რაოდენობა. მესამე: კაპიტალისტური ქვეყანა სოციალისტური საქართველოს ხარჯზე აგრძელებს ცხოვრებას, მისი ჯართით სულდგმულობს და საექსპორტო გრაფაში პროცენტების მრუდს მაღლა სწევს. თუ ამას დავუმატებთ ავტომანქანებს, რომლებსაც მეზობლებში ვყიდით, მანამდე კი ჩვენ ვყიდულობთ საზღვარგარეთ, აშკარად გამოჩნდება, საგარეო ვაჭრობის შესაძლებლობანი საკმაოდ მწირია.
მიმართვა შთამომავლებს
ფაქტები ჯიუტია. იმედიანად ჟღერს ჟურნალისტური სათაური: საქართველო ზრდის საქონლის ექსპორტს აზერბაიჯანში.
სტატსამსახურის მონაცემებით, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,5 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 155 მილიონი შეადგინა.
8 თვის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულ იქნა მსუბუქი ავტომანქანები (რეექსპორტი) 69,2 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს.
რეექსპორტი სულ უფრო გამოიკვეთა, როგორც ჩვენი საგარეო ვაჭრობის მძლავრი ფაქტორი. ის დროა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური სამსახური დოლარების შოვნის საკითხში მრჩევლებისა და კონსულტანტების.
ხომ ურჩია ვიღაცამ ჯანდაცვის ახალ მინისტრს, რომ აღადგინოს აფთიაქებში წამლების გაყიდვის რეცეპტების სისტემა. ნამდვილი განსაკუთრებული მდგომარეობაა პენსიონერებისა და უპოვართათვის, რომლებიც წამლის საფასურის გარდა, 8-დან 12 ლარამდე უნდა დახარჯონ ექიმთან ვიზიტზე.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს განვითარებად საზოგადოებაში. მაგრამ განა ნაკლებ საოცარი ამბები ხდება ჩვენთან? მაგალითად, წამლის ფასის ევროპული დონე სულაც არაევროპული ჩვენი ხელფასებისა და პენსიების ფონზე?
იმავე სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს სამედიცინო სექტორში საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ყალიბდება. თურმე, შავი ლითონის ნაცვლად, თურქეთიდან თითქმის ექსკლუზიურად შემოგვაქვს წამლები! მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთიდან შემოტანილ საქონელში ლიდერობს სამკურნალო საშუალებები. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულია 241.156.000 დოლარის ღირებულების 233.700 ტონა სამკურნალო საშუალება.
მიზეზი ამ ქვეყნის სამედიცინო წინსვლაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ წამლების შედარებით სიიაფეში, რომლებიც შემდეგ ჩვენთან პარიზულ ფასად იყიდება.
აი, ეს არის სავაჭრო ჭკუაგამჭრიახობის მაგალითი, რომელიც სახელმწიფო პატრონაჟით ხორციელდება და ჭეშმარიტ საქმეთა ნაცვლადაა ფართოდ გავრცელებული საქართველოში.
საქინფორმი