კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის ერთ-ერთ საფუძვლად, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვისა, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტი გადამდგარ ან გადაყენებულ მთავრობას დააკისრებს მოვალეობათა შესრულებას ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე; ხოლო საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ზედიზედ სამჯერ ნდობის მიუღებლობისას, თუკი არსებობს პარლამენტის დათხოვნის შეუძლებლობის კონსტიტუციით გათვალისწინებული გარემოებები, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში. დეპუტატები გეგმავენ, რომ დღეს პლენარულ სხდომაზე სამოცამდე საკითხი განიხილონ და კენჭი უყარონ.
ბიუროს წევრები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს, 25 მარტს, რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული, რომელზეც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს III მოსმენით მიიღებენ.