პოლიტიკა
პარლამენტმა კონტიტუციაში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

1usufaS-ppoli2საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 135 ხმით მიიღო.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა გაითვალისწინა და, პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ, სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმდა. კენჭისყრისას დაფიქსირდა, რომ პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას 93 მომხრე ჰყავდა, რის შემდეგაც დადგა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით წარდგენილი პროექტი და ის 135 ხმით, ერთხმად – უმცირესობის მხარდაჭერით, გავიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით: მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა, პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მისთვის მძიმე მისაღები იყო, თუმცა, უმრავლესობა კაპრიზზე კაპრიზით ვერ უპასუხებს. „მე სხვანაირად მოვიქცეოდი, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ დასაბუთებას იმისას, რატომ უნდა  ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა. ჩვენ, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა მივცეთ საშუალება, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.