აქტუალური
პრემიერი: „სააკაშვილმა აგრესიული და გაუგებარი განცხადება გააკეთა, რაღაცას იმუქრება“

1biZi-aqtuaa6საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრებს განუცხადა, რომ მათ ინტერესს დააკმაყოფილებდა და პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე იმაზე მეტს იტყოდა, ვიდრე მათ ინფორმაცია ჰქონდათ. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. „მე ვურჩიე უმცირესობის ახირებისთვის მხარდაჭერა, დავით უსუფაშვილი წინააღმდეგი იყო“, – განმარტა მან და დეტალურად ახსნა, თუ რატომ დათანხმდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას.

„რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა,  პოლიტიკურად უკეთესი, რომ არ დამერეკა. მაგრამ, ადამიანურად, ჯობდა, არავითარი გამონაკლისი არ დაგვეშვა, რადგან დაბალი ალბათობით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შანსი იყო. მეც და საზოგადოებასაც დაგვრჩა უკმაყოფილების განცდა, თუმცა, არ მინდოდა „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების მიღმა. ჩემი დიდი სურვილი იყო, მათ სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან საზოგადოებასა და ნაციონალებს შორის ურთიერთობა დარღვეულია. შედეგად, მათ ამ ცვლილებას ხმა მისცეს, მაგრამ უმადურად გამოუვიდათ, მარილი ვერ მოაყარეს. არ მგონია, რომ მათი გადაწყვეტილება საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო. მათ ლიდერს შეეძლო, კაცურად გამოსულიყო და გადაწყვეტილება კარგად ჩაეწოდებინა. ამით საზოგადოებასთან ჩაბრუნებას მოახერხებდა. შედეგად, აგრესიული და გაუგებარი განცხადება გააკეთა, რაღაცას იმუქრება“, – დასძინა პრემიერმა.

მისივე თქმით, არსებობდა იმის საშიშროება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიჩეხებოდა“, მაგრამ მან ეს არ დაუშვა.

„კარგი ცვლილება მივიღეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეეძლოთ ფრიადი მიეღოთ, მაგრამ გაჭირვებული სამიანი მიიღეს. ისიც საკითხავია, მიიღეს თუ არა. ჩვენი მხრივ, ჩვენ და საზოგადოებამ ყველაფერი გავაკეთეთ და რასაც ველოდით, ის მივიღეთ. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდოდა, ამით არც მთავრობას და არც საზოგადოებას არაფერი ემუქრებოდა, გარდა ზედმეტი ემოციური დატვირთვისა. ეს მოიხსნა. ასევე, ხიფათი არსებობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიჩეხებოდა, მაგრამ ეს პატარა ნიუანსიც არ დავუშვი. უსუფაშვილს ვურჩიე, ეს არ დაეშვა. თუ უფსკრულისკენ ცვივდებოდნენ, ჩვენ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. თუმცა, კარგი იქნებოდა, საზოგადოებისთვის მეტი სითბო მიეწოდებინათ. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალში დასკვნებს გამოიტანს და საზოგადოებას მეტ ანგრიშს გაუწევს“, – განაცხადა პრემიერმა.