პოლიტიკა
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. განხილულ იქნა რამდენიმე თემა, მათ შორის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ჯაფარიძის განმარტებით, ამერიკის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც შეეხო. „ბატონმა ნორლანდმა ბრძანა, რომ ამერიკის საელჩო აკვირდება მიმდინარე მოვლენებსა და დებატებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.