სამართალი
მერიიდან თანამშრომლებს უშვებენ

tbilisis-meriaთბილისის მერიაში თანამშრომელთა 20%-ს ამცირებენ. ამის შესახებ განცხადება კონსერვატიული პარტიის  ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით,  მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მერიის თანამშრომლებს განცხადებებს სამსახურიდან წასვლის შესახებ იძულებით აწერინებენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიის თანამშრომლებს აიძულებენ, დაწერონ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე . გარდა ამისა, თანამშრომლებს სამსახურებიდან თბილისის თვითმმართველობის სხვა ორგანოებშიც ათავისუფლებენ. ზოგადად, ამ პროცესმა, რომელიც ხელისუფლებამ სექტემბერში დაიწყო, ჯერ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურები მოიცვა, ხოლო შემდეგ კერძო სექტორსაც შეეხო. აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 168-ე და 169-ე მუხლებით ისჯება და პირის 2 წლამდე პატიმრობას ან 3 წლამდე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. თბილისის საკრებულოსა და მთავარი პროკურორისგან მოვითხოვთ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევებში დამნაშავე თანამდებობის პირების დასჯას,“ - აცხადებს კახა კუკავა საქინფორმთან საუბრისას.