საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში 20-მდე პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან ცეზარ ჩოჩელი, ლაურა ღაჭავა, დავით კოდუა და სხვები. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია უძღვება. პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილია. ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს გოგიტა გაბაიძე იცავს. გოგიტა გაბაიძემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, რადგანაც ის ცეზერ ჩოჩელის სხვა საქმესაც იხილავს. გაბაიძის განმარტებით, მოსამართლე ამის გამო ვერ იქნება ობიექტური.როგორც შსს-მ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, მან გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ გაკოტრებას.
დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისაგან.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ „ბანკ ქართუს“ ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მელიას, უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ „ბანკი ქართუს“ გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ „ბანკ ქართუში“, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა „ბანკი ქართუ“, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები.
სადემონსტრაციოდ წარმოგიდგენთ კონკრეტულ ფაქტს:
2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო „ბანკი ქართუს“ გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს, მამუკა ლაშხიას, და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს. აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ „ბანკ ქართუში“. ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის – იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები – ს/ს „პირიმზე“ და შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა“, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელ გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს „ლოგოსი“ და ამხანაგობა „თეთრი სახლი“. ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არცერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.
2012 წლის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძეს პირადად დაავალა, ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო „ბანკი ქართუს“ გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით“, – განაცხადეს შსს-ში.