საზოგადოება
ვანუატუს ხელისუფლება საქართველოსთან დიპურთიერთობის დამყარებას გეგმავს

1fanjik-sazzoo2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც გუშინ, 19 მარტს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ვანუატუს ხელისუფლება, რომელმაც, უწინ გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ ახალზელანდიურ მედიაში კვლავ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, თუმცა, შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ცნობა უარყო.

„ვანუატუს ოფიციალური წრეებიდან გახდა ცნობილი, რომ მათ არ დაუმყარებიათ ურთიერთობა აფხაზეთთან და აპირებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან დაამყარონ. თუკი ეს განცხადება შეესაბამება სიმართლეს და ეს მათი საბოლოო გადაწყვეტილებაა, საქართველო მიესალმება არა მხოლოდ ვანუატუსთან, არამედ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც არ აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები, ასეთი ურთიერთობა დაამყაროს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მხოლოდ 15 ქვეყანასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მაქსიმ ღვინჯიამ 2011 წლის 31 მარტს განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით,  2011 წლის ივნისში, საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ვანუატუმ ამ ქართული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვია.