საზოგადოება
დარახველიძის სამუშაო შეხვედრა ევროსაბჭოს დელეგაციასთან
1daraxv-sazzoo1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მორიგი, კონსოლიდირებული მოხსენების მოსამზადებლად ევროსაბჭოს სამდივნოს დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორის მოადგილე დანიელ ხოშაბო და დელეგაციის სხვა წევრები დევნილთა ზოგადი მდგომარეობით, ახალი ხელისუფლების გეგმებით, კონფლიქტის გადაჭრის ხედვებითა და დევნილებთან დაკავშირებული სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. როგორც დანიელ ხოშაბომ აღნიშნა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივაა, მომზადდეს ანგარიში კონფლიქტის შემდგომ მდგომარეობასა და სახელმწიფოს როლზე კონფლიქტის მოგვარებაში. მისივე თქმით, ანგარიშის მოსამზადებლად საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოდიან და დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ინფორმაციის მიღებაა.
დარახველიძემ დელეგაციის წევრებს დევნილი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები გააცნო. რაც შეეხება კონფლიქტის დარეგულირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ევროსაბჭომ ბოლო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში. ჩვენი დამოკიდებულება ამ მიზნის მისაღწევად არის მშვიდობიანი. არსებობს ადამიანური რესურსი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაწესრიგებლად და მშვიდოაბიანი თანაცხოვრებისთვის“, – აღნიშნა დავით დარახველიძემ.
მინისტრის თქმით, დევნილი მოსახლეობის მთავარი საჭირობა და პრობლემა საცხოვრებელი ბინაა. შემდეგ მოდის დასაქმება, ჯანმრთელობის პრობლემები, განათლება და სოციალური სახის სხვა პრობლემები. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ დევნილებს საკუთარ მიწაწყალზე დაბრუნემამდე ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ: ჩვენ მათ ვუთხარით, რომ შევეცდებით, მათი ძირითადი პრობლემები 4 წელიწადში გადავწყვიტოთ. ამ გეგმის შესრულება დაწყებულია და იმედი მაქვს, წარმატებით გავაგრძელებთ“.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, რომ სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად პროგრესულია და იმედი გამოთქვეს, რომ ის დევნილებისთვის რეალური შედეგის მომტანი იქნება.