„საკანონმდებლო მაცნეს“ თანამშრომლებმა 2013 წლის სტრატეგია განიხილეს
საქართველო, 20 მარტი,
საქინფორმი. დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი და „საქართველოში დემოკრატიული მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელი
მარის მიქაელსონსი ესწრებოდნენ.
სამუშაო ჯგუფმა გააანალიზა „საკანონმდებლო მაცნეს“ ინსტიტუციონალური გარემო. შეხვედრის მონაწილეებმა 2013 წლისათვის განსახორციელებელი სტრატეგიის გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ის ექვსი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა, რომელიც მიმდინარე წლისათვის „საკანონმდებლო მაცნეს“ სტრატეგიული განვითარების გეგმაში შევიდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ მიმართულებებს, რომლებიც „საკანონმდებლო მაცნესათვის“ პრიორიტეტული 2013 წელს გახდა, კერძოდ, მთარგმნელობითი ცენტრის შექმნასა და ბეჭდვითი გამომცემლობის აღდგენას. შეხვედრის მონაწილეებმა ნორმატიული აქტების ინგლისურენოვანი ბაზის შექმნის მნიშვნელობასა და მექანიზმებზე ისაუბრეს. განიხილეს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს აღდგენასთან დაკავშირებული საკითხებიც.