ერაყის ომმა 138 მლრდ დოლარი მოიტანა
საქართველო, 19 მარტი,
საქინფორმი. დღეს 10 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა აშშ-ის მეთაურობით კოალიციის ჯარები ერაყის ტერიტორიაზე შევიდნენ. „ფაინენშელ თაიმსის“ მონაცემებით, ერაყის ომმა კოალიციის ქვეყნების მთავრობათა კონტრაქტორ ორგანიზაციებს უზარმაზარი მოგება მოუტანა.
გამოცემის ცნობით, აშშ-მ სამხედრო მოქმედებებსა და ჯარების შენახვაზე 138 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც სხვადასხვა კონტრაქტორს გადაუხადა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, დიპლომატების დაცვიდან დაწყებული, ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული. ათმა უდიდესმა კონტრაქტორმა ერთად აღებული 72 მლრდ დოლარი გამოიმუშავა და ეს საბოლოო მაჩვენებელი როდია. ომმა გაამდიდრა ამერიკული და უცხოური კომპანიები. კონტრაქტორთა რაოდენობა დღეს ერაყში 14 ათასს აღწევს.