სამართალი
ბაქრაძის განმარტებით ღარიბაშვილი კმაყოფილი დარჩა

1kmayofili-samar3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას შეეხო პარლამენტართა გამოუცხადებლობის ფაქტებს საგამოძიებო ორგანოებში, როცა მათთან კითხვები არსებობს, და პირიქით – პარლამენტში იბარებენ უწყების წარმომადგენლებს. „ჩვენ პატივს ვცემთ  კანონის უზენაესობას, ვცემთ პატივს პარლამენტს და, უბრალოდ, სიტუაციისდა მიხედვით ვიმოქმედე და მოგიწოდებთ – გნებავთ, ჩემი მოწოდება იყოს, გნებავთ – ჩემი რჩევა, როდესაც გამოძიებას აქვს თქვენ მიმართ კონკრეტული შეკითხვები ან მოწმის სახით არის თქვენი დაბარება აუცილებელი, არ უნდა იყოს სალაპარაკო და გარკვეული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უნდა გახდეს საჭირო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, რომ დეპუტატს საქართველოს კონსტიტუციით აქვს იმუნიტეტი საგამოძიებო მოქმედების წინააღმდეგ. „თუ დეპუტატის მიყვანა არის საჭირო პროკურატურაში, ამისთვის არსებობს მკაფიო გზა – შემოდის მოთხოვნა პარლამენტში, პლენარული სხდომა უყრის კენჭს და ამის შემდეგ დეპუტატი მიდის და მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებაში, – აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, –  ამიტომ ის, რაც ჩვენ ვუთხარით პროკურატურას და დღესაც ვიმეორებ ამ პოზიციას, არის ორი გზა იმისთვის, რომ კანონი არ დაირღვეს. თუ მაინცადამაინც გინდათ, რომ პარლამენტის რომელიმე წევრი მოვიდეს პროკურატურაში, შემოიტანეთ პარლამენტში ოფიციალური მიმართვა. თუ პლენარული სხდომა გადაწყვეტს, მოვალთ. თუ თქვენ ეს არ გინდათ, ნებისმიერი სხვა გზა არის კანონის დარღვევა, ჩვენ კანონის დარღვევაში მონაწილეობას არ მივიღებთ; ან მობრძანდით და მიიღეთ ჩვენგან თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია“.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბაქრაძეს არგუმენტირებული პასუხისათვის და აღნიშნა, რომ ადრე ასეთი დეტალური განმარტება არავის მოუცია: „პასუხი მიღებულია, დიდი მადლობა. ასე მკაფიოდ და დეტალურად განმარტება არ მომხდარა თქვენი მხრიდან, ამიტომ გაჩნდა ეს შეკითხვები“.