პოლიტიკა
სააკაშვილი: „არ შეიძლება ელაქუცო კარასინს და დაადანაშაულო ევროპარლამენტის ლიდერები“

1prezid-ppolitii2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიისათვის პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის მიერ წერილების მიწერის გამო უმრავლესობა გააკრიტიკა და მთავრობა სიცრუეში დაადანაშაულა. სააკაშვილის თქმით, მთელი წერილი გაჯერებულია ტყუილებით, რაც სამთავრობო კომუნიკაციის სტილად გადაიქცა.

„ევროპელებთან ტყუილი არ შეიძლება. რუსულ სივრცეში შეჩვეული ვიყავით ტყუილებით მოქმედებას და ეს ცხოვრების წესი იყო. თუ ევროპელებს ერთხელ მოატყუებ, მეორედ აღარ გენდობიან. ნდობას კი დაკარგავს არა მარტო მთავრობა, ცალკე აღებული პრემიერი ან პრეზიდენტი, არამედ ქვეყანა“, – აღნიშნულია ქვეყნის მეთაურის წერილში.

სააკაშვილის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიასთან ასეთი წერილებით საუბარი არ შეიძლება. „არ შეიძლება ელაქუცო კარასინს და საშინელ ბრალდებებში დაადანაშაულო ევროპარლამენტის ლიდერები, – განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა,  – არ შეიძლება, ლანძღავდე მერკელს, სარკოზის და ბაროზოს პარტიას და, ამავე დროს, მუხლებზე უდგებოდე ონიშჩენკოს მიერ გამოგზავნილ რუს ჩინოვნიკებს“.

მისი თქმით, სწორედ ევროპელები არიან ის ხალხი, ვისაც მრავალი ასპექტით საქართველოს სუვერენიტეტი ეყრდნობა. „იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად გვეხმარება, რომლებზეც დგას საქართველოს სუვერენიტეტი მრავალი ასპექტით და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა, ასე ვეპყრობით“, – აღნიშნა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ წინ არის ვილნიუსის სამიტი, რომელიც მეორე შანსია იმ მატარებელში მოხვედრის, „რომელმაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოსკენ წაიყვანა“.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ქვეყნის მეთაურის გუშინდელ განცხადებას „უთავმოყვარეო პრეზიდენტის უთავმოყვარეო განცხადება“ უწოდეს.