ტიმოთი გარტონ ეში: „საქართველო ევროკავშირში 20–25 წლის შემდეგ გაწევრიანდება“
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. რადიო “თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი და ანალიტიკოსი ტიმოთი გარტონ ეში რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან მომავალ ურთიერთობაზეც საუბრობს. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთმა დაკარგა იმპერია, თუმცა ჯერაც ვერ იპოვა თავისი როლი; რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ძალიან რთულია იმპერიის დაკარგვა, რუსეთმა კი ის ძალიან სწრაფად და შთამბეჭდავად დაკარგა - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მშვიდობიანად, ბრძოლის გარეშე.
"თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი გაერკვევა, რა უნდა - ალტერნატიული ცივილიზაციის იმპერია, თუ ევრაზიის მეტ-ნაკლებად ნორმალური სახელმწიფო, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენ შორის გრძელვადიან ურთიერთობაზე", - განაცხადა ტიმოთი გარტონ ეშმა. კითხვაზე, რა მომავალი აქვთ ევროკავშირში სხვა ქვეყნებს, როგორებიც არიან ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო, ბრიტანელი სწავლული პასუხობს - "ამ ქვეყნებს, რაც უფრო მეტად თავისუფლდებიან, მით უფრო მეტად სურთ, ეკუთვნოდნენ ევროკავშირს. როდესაც ევროკავშირის წევრობის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრი. ფსონს ჩამოვალ, რომ ეს ქვეყნები 20-25 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრები იქნებიან".