საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველო, შესაძლოა, მალის მისიაში ჩაერთოს.
მალის მისიაში საქართველოს ჩართვაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა პირველად "ბრიუსელის ფორუმზე" გააკეთა.მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს: "მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას. საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას დეტალების დადგენის შემდეგ მივაწვდით".
სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ქეთრინ ეშტონმა გასული წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებს. ამ ეტაპზე მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500-კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე 70- კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.