საზოგადოება
ალასანიას შეხვედრები აზერბაიჯანში

1azerb-sazo-2-mtსაქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევსა და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში შედგა. მინისტრებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.  ალასანიამ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და, თავის მხრივ, აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და რეგიონის უსაფრთხოების კუთხით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეები განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტი „საქართველო III“-ის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი საინჟინრო ასეულის წვრთნა აზერბაიჯანის ეროვნულ განაღმვის ცენტრში განხორციელდა. ქართული მხარე აზერბაიჯანელ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის კურსების გავლას სთავაზობს.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა დაამტკიცეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

1azerb-sazo-2-1 1azerb-sazo-2-2