საზოგადოება
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, მზად არის, გვერდზე გადადოს ვიწრო პარტიული ინტერესები და ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
გენმდივნის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობა გაძლიერდეს და სიტუაცია დაიძაბოს. მერაბიშვილის თქმით, ამაზე ახალქალაქის საკრებულოს მიმართვა მიუთითებს, რომლითაც დეპუტატები პარლამენტისგან რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის რატიფიკაციას მოითხოვს.„ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო. დავით რასტაკიანი, რომელიც წინა საკრებულოს წევრი იყო, ამ საკითხის დაყენებას მუდმივად ცდილობდა, ამიტომ ბოლო არჩევნებზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რასტაკიანი და მისი მსგავსი რადიკალები საკრებულოში არ მოხვედრილიყვნენ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ახლა „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა საკითხის პროვოცირება მოახდინეს.
მერაბიშვილი მზად არის, თავისი გამოცდილება ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიაროს და კონსულტაციები გაუწიოს: „მე მინდა, შევთავაზო ხელისუფლებას, გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მე მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ სახელმწიფო წარმომადგენელს, შევთავაზო, მივცე რჩევა, კონსულტაცია, გამოვიყენო ჩემი პირადი გამოცდილება“.