პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში უმცირესობა არ მონაწილეობს

1komit-politt2საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვას  არ ესწრებიან უმცირესობის წევრები, რომლებმაც იგი დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დასრულებამდე დატოვეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეა, რომელმაც დეპუტატებს უკვე წარუდგინა კანონპროექტის სახეცვლილი ვარიანტი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს, კონსტიტუციაში დარჩეს. შესაბამისად, კონსტიტუციიდან 51/1-ე მუხლის ორი ქვეპუნქტის ამოღება, რასაც თავდაპირველად ინიცირებული პროექტი ითვალისწინებდა, აღარ მოხდება.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.

„კონსტიტუციაში ნათლად ჩაიწერება, რომ ამის შემდეგ მთავრობის ძველ შემადგენლობას, ანუ მას, რომელსაც პრეზიდენტი გადააყენებს, თუ თავად გადადგება, მთავრობის მოვალეობის შესრულება დაეკისრება. სწორედ ეს მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას მანამდე, სანამ არ შეიქმნება ახალი – პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა“, – განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.