აქტუალური
ალასანია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს

1-alasan-aqtuu3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართული და აზერბაიჯანული კონტინგენტების მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეები განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტი „საქართველო III“ ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი საინჟინრო ასეულის წვრთნა აზერბაიჯანის ეროვნულ განაღმვის ცენტრში განხორციელდა. 2011 წლიდან კი, ქართული მხარე აზერბაიჯანელ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის კურსების გავლას სთავაზობს.

დღესვე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრები აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრ იავერ ჯამალოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან.

ცნობისათვის: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 19 მარტს დასრულდება.