პოლიტიკა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე სამი კომიტეტი იმსჯელებს

1sxdoma-polliti1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ შეკრებაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე იმსჯელებენ. ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების დახურულ სხდომას საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართება. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დეპუტატებს დღეს სწორედ ამ მოლაპარაკებების საკითხებისა და ვილნიუსის სამიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი ნაბიჯი იქნა გადადგმული და განსაკუთრებულად გააქტიურდა მუშაობა ევროკავშირთან. „ჩვენი – ყველას, მიზანია, რომ ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ჩვენ მივიდეთ წელგამართულები, რომ საქართველომ ამ დიდ გამარჯვებას აუცილებლად მიაღწიოს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპიზაციის გზაზე“, – აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგი წერეთლის თქმით კი, „თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს სასამართლოსა და მედიის თავისუფლების საკითხებს, პოლიტიკურ ოპოზიციასთან მოქმედებისა და ოპონირების მეთოდებს და ის არ იქნება გაცილებით მაღალი სტანდარტის, ვიდრე ოდესმე ყოფიულა, ასეთ შემთხევევაში, ძალიან მკაფიოდ არის მოცემული, რომ ამან შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნას ამ ასოცირების ხელშეკრულების დადებას“.