საზოგადოება
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. 17 მარტს, ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღეს, ყველა ტაძარში შესრულდა საგანგებო ღვთისმსახურება, სადაც შენდობის ლოცვები იკითხება.
შენდობის დღეს ქრისტიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ. ეს დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში შენდობის წესის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მრევლს შენდობა სთხოვა, ხოლო ღმერთს სრულიად საქართველო შეავედრა.
„დღეს თქვენ იცით, რომ განსაკუთრებული დღეა – შენდობის კვირაა. ღმერთმა მშვიდობის აღდგომა გაგვითენოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს. დღეს, როცა ჩვენ ველით უფლისაგან შენდობას, მე, ცოდვილი და უღირსი, სრულიად საქართველოს პატრიარქი, გთხოვთ შენდობას ყოველი ჩემი შეცოდებისათვის. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალე თვალით, აღგვადგინოს ამ მძიმე ჯვრით, რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა. შემინდეთ, მაპატიეთ ჩემი ცოდვები“, – ცრემლით ბრძანა პატრიარქმა.