სამართალი
თეა წულუკიანი: „ეს შეხვედრა ჩემთვის არის ისტორიული“

1Tea-sammarTa1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეებს შეხვდა. აღნიშნული კომისია სასამართლოს მიერ წარსულში გამოტანილ გადაწყვეტილებებს შეისწავლის და სასამართლო პროცესებს მიადევნებს თვალს.

„ეს შეხვედრა ჩემთვის არის ისტორიული. ისტორიულია იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავს მიიჩნევს იმ ხელისუფლებად, რომლის ხელშიც საქართველოში შეიძლება თქვენი სახით ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“, – მიმართა მოსამართლეებს თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, მისი მიზანია, მოსამართლის ავტორიტეტი გაიზარდოს და ბავშვებმა და სტუდენტებმა მომავალ პროფესიად მოსამართლეობა ისურვონ. წულუკიანის თქმით, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის და ამ საქმეში გადამწყვეტი როლი სკოლამ უნდა ითამაშოს, რომელსაც ამ მხრივ რეფორმა სჭირდება. „პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი. სკოლას უფრო ძირეული რეფორმა სჭირდება და ამას თქვენთან ერთად შევიმუშავებთ“, – აღნიშნა მინისტრმა მოსამართლეებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, დისციპლინური პროცედურებიც საჭიროებს გადახედვას და აქ გათვალისწინებული იქნება მოსამართლეთა აზრი კანონპროექტთან დაკავშირებით. ამასთან, წულუკიანის ინტერესს წარმოადგენს საერთო სასამართლოების ის დაწესებულება, რომელიც ფინანსებს მართავს და რამდენად ხმარდება ეს ფინანსები მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი შეცდომა არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ ყველას პრობლემაა და ამ შეცდომების გამოსასწორებლად სამინისტრომ მოიფიქრა  მექანიზმი, ისე, რომ არ შეიქმნას ქვეყანაში პარალელური მართლმსაჯულების სტრუქტურა, და ისევ მოსამართლეს მიეცეს წარსულში მომხდარი სასამართლო შეცდომის გამოსწორების საშუალება.

„კომისია არა მარტო კანონით გათვალისწინებულ მიზანს მოემსახურება, ის სასამართლოსთან, დროსთან ერთად შექმნის იმ დიდ სამართლებრივ პრაქტიკასა და კულტურას, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მომავალში მომხდარი სასამართლო შეცდომის გამოსწორების სამართლებრივი სრულყოფილი მექანიზმი არსებობდეს. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სასამართლო შეცდომა, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი. ათეულობით ათასი საჩივარია შემოსული, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა.  მათი შესწავლის შემდეგ თუ 20-30 შემთხვევა მაინც მოიტანს შედეგს ამ კომისიის წინაშე და საქმე თავიდან გაიხსნება, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის პრეტენზია, რაც დღეს ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდა – რასაც მე ჩემი თვალით ვუყურე და ვუსმინე, რეალობა ყოფილა. და ეს პრეტენზია იყო ის, რომ მოსამართლე არ იყო თავისუფალი. დღეს თქვენ ხართ პროკურატურისგან თავისუფალი!“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა შეხვედრაზე.

მისი თქმით, მოსამართლეებმა ეს თავისუფლება ხალხის ინტერესისთვის უნდა გამოიყენონ. „ნებისმიერი პროკურორი, რომელიც გაბედავს, კოჭლი საქმე მოიტანონ თქვენამდე; გაბედავს, თქვენზე ზეწოლა ან ზეგავლენა შეეცადოს – თორემ ვიცი, თქვენ ამის საშუალებას არ მისცემთ, იქნება მკაცრად დასჯილი“, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეებს.