სამართალი
ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას

1saxalxo-partiaსაქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ღია წერილით მიმართეს „ევროპის სახალხო პარტიას“, ზემოხსენებულმა პარტიამ ბრიუსელში 13 მარტს გამართულ ყრილობაზე საქართველოს შესახებ მიღებული დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და, ამავე დროს, სინანულით აღნიშნა, რომ „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა მოჰყვა, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის და დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა“.

ამასთან, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის თავისუფალი და კონკურენტული სამოქმედო არეალის გარეშე“, ამიტომ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და სთხოვს ქვეყნის ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანამდე.

იგი, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას სპეციალური კომისიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით უკვე განაჩენდამდგარი საქმეების ხელახალი გამოძიებისთვის, რადგან  ამას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხედ მიიჩნევს.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კი, ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ზემოჩამოთვლილი პუნქტების განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს, ძალაუფლების გადაცემის პროცესიდან გამოვიდეს როგორც უფრო ძლიერი დემოკრატია და გააღრმაოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესი“, – ნათქვამია დეკლარაციაში.