მარგველაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს, არ გახდნენ ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება ალტერნატიული ბაზა იმისთვის, რომ თუ ბენდუქიძე გააგრძელებს უმანკო შეურაცხყოფილის თამაშს და სტუდენტები ეყოლება მძევლად, მათ ჰქონდეთ სხვა ალტერნატივა: „თუ თქვენ მაინც გააგრძელებთ ბენდუქიძის პოლიტიკურ მძევლობას და მიჰყვებით მას თავის ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში – სუფთა თამაში მას ცხოვრებაში არ უთამაშია, მე მაინც ვიზრუნებ თქვენზე. მე უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ბევრად უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლა იქნება უფასო“.
მინისტრის განმარტებით, კახა ბენდუქიძე უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და გააკეთოს შესაბამისი შინაგანაწესი.
მისივე თქმით, აგრარული უნივერსიტეტი არ დახურულა – ავტორიზაციის შეჩერების შესახებ ბრძანება 4 თვეში შედის ძალაში.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ აგრუნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ სტუდენტების პროტესტის უკან ერთი ადამიანი დგას, რომელმაც უნივერსიტეტი ერთ ლარად შეიძინა. დეპუტატი ეჭვობს, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერისტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების მიზნით გადაწყვიტა.