საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 14 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ ინტერნეტაქცია დაიწყო. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოჩნდა გვერდი სახელწოდებით „არ ვენდობი“ (I don’t trust), რომლის აღწერაშიც წერია: „უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციისთვის”.
მაუწყებლის თანამშრომლები ქმნიან ვიდეორგოლებს, სადაც აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ ბორდს. მათივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების საკუთრებაა. „ერთად დავიბრუნოთ საზოგადოებრივი არხი” – წერია გვერდის აღწერაში.სამეურვეო საბჭოს ლეგიტიმურობის გასაშარჟებლად და მათი მოქმედების აბსურდულობის დასამტკიცებლად თანამშრომელთა ნაწილს პროტესტის ნიშნად კონკურსზე შეაქვს განაცხადები.
ამავე დროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსი შეაჩერა.
საიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, სარჩელი დასაშვებად ცნო და მოსამზადებელი სხდომა 8 აპრილს 12:00 საათზე დანიშნა.
თავის მხრივ, საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე აცხადებს, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობდა მაუწყებელს დანიშნული გენდირექტორი ჰყოლოდა და არა მისი მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილებაც შეზღუდულია, სასამართლო დავა კი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.
ამასთან, გახელაძის თქმით, საბჭოს აქვს ძლიერი კონტრარგუმენტები, რომელთა წარდგენასაც სასამართლოზე აპირებს, თუმცა, მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.