აქტუალური
სააფთიაქო სისტემაში ახალი მოთამაშე შემოდის

1afTiaqi-akt1საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ტარიფებსა და გაიაფებებთან დაკავშირებით თავის მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ გაიაფებები შეიმჩნევა სააფთიაქო სისტემებში. მისი თქმით, ამ სისტემებში არსებობს პროგრამა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია მკვეთრად მოხერხდეს მედიკამენტების ფასების დაწევა.

ამას კი პრემიერ-მინისტრი ახალი სააფთიაქო ქსელის შემოყვანით აპირებს. „შეიძლება მკვეთრად მოვახერხოთ წამლების ფასების დაწევა ახალი – მესამე მოთამაშის შემოყვანის საშუალებით ისე, რომ არ დავაზიანოთ პირველი ორი ძირითადი სააფთიაქო ქსელის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები ცნობილ ბიზნესმენთან და შესაძლებლად თვლის, რომ ყველაზე ფართო მოხმარების წამლების ძირითად ნაწილზე ფასები შემცირდეს, „რაც კიდეც უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას“.